ინფრასტრუქტურის მინისტრი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა. ფონდის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები. მან ასევე ისაუბრა სხვა საერთაშორისო მაგისტრალების, საბაზისო, სპორტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზე.

რევაზ სოხაძის თქმით, საუდის არაბეთის განვითარების ფონდთან პარტნიორობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვსტიციების, არამედ ტექნიკური ექსპერტიზის და პროექტების ხარისხის უზრუნველსაყოფად. მინისტრმა ხაზი გაუსვა SFD-ისთან მომავალი თანამშრომლობის პოტენციალს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფონდთან ურთიერთობა რეალურ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა თანამშრომლობის გაღრმავების და სხვადასხვა სექტორში მიზნობრივი ინვესტიციების განახორციელების მზაობა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხი.

საუდის არაბეთის განვითარების ფონდი, რომელიც 1975 წლიდან ფუნქციონირებს, 70-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციებს სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ფონდის საქმიანობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა გზები, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ჯანდაცვა და განათლება.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.