დავით სონღულაშვილი: ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში არის, ერთი მხრივ, პესტიციდების მოხმარების ოდენობა, მეორე მხრივ, ფასი

დავით სონღულაშვილი

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

მთვარობის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, დეტალურად გაანალიზდეს ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები, ხოლო მეორე მხრივ, შემუშავდეს ეფექტიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტის მექანიზმი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე, აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სოფლის მეურნეობაში არის, ერთი მხრივ, პესტიციდების მოხმარების ოდენობა, მეორე მხრივ კი, ფასი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა ამ საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. ეს არის ძალიან დიდად განმსაზღვრელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასის; აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესასწავლი და მოკვლეული იყოს და, შესაბამისად, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.