დავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად შეაფასოს „იმედის“ და POSTV-ის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის ფაქტის არსებობა - წარმოუდგენელია ტყუილის ის მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს

 დავით მათიკაშვილი

 წარმოუდგენელია ტყუილის ის მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს; როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად შეაფასოს „იმედის“ და POSTV-ის მხრიდან უკრაინის დესტაბილიზაციის ფაქტის არსებობა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს.

„ეს ყველაფერი მიუთითებს საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე, თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობასა და საქართველოში რადიკალიზმის წახალისების კიდევ ერთ ტალღაზე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.