დარწმუნებული ვარ ფასები დარეგულირდება, ამის რესურსი, როგორც წინაპირობები აჩვენებს, ნამდვილად არსებობს - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი დარწმუნებულია, რომ ფასები, უწყებების კოორდინირებული მუშაობით, დარეგულირდება.

"დარწმუნებული ვარ შევძლებთ იმას, რომ ფასები დარეგულირდება, იმიტომ, რომ ამის რესურსი, როგორც წინაპირობები აჩვენებს, ნამდვილად არსებობს. საერთო ჯამში, სამომხმარებლო კალათაში, მედიკამენტზე იქნება, სურსათსა თუ ნებისმიერი რამ საგრძნობლად იქნება ფასები დარეგულირებული. თუმცა წინ არ გავუსწრებ მოვლენებს, ფაქტი არის, ის, რომ ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვიმუშავებთ საქართველოს პარლამენტში და ამას დაინახავს საზოგადოება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სურსათი, მედიკამენტები და საწვავი - ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პირველი სხდომაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას, მას შემდეგ გაიმართება, რაც საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. ქართულ ბაზარზე არსებული ფასებისა და მათი რეგულირების საკითხზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სამთავრობო კომისია საწვავის იმპორტიორებს, მსხვილი ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორების, მწარმოებლებისა და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა კი ეს პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.