1769957011
გვინდა გავეცნოთ პროცესს, რა განაპირობებს ასეთ მაღალ ფასნამატს, რა შესაძლებლობა არსებობს ბიზნესპროცესებში ოპტიმიზაციის, რომელიც გამოიწვევს ფასების შემცირებას - შოთა ბერეკაშვილი
სურსათი, მედიკამენტები და საწვავი - ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პირველი სხდომაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას, მას შემდეგ გაიმართება, რაც საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც.
ქართულ ბაზარზე არსებული ფასებისა და მათი რეგულირების საკითხზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სამთავრობო კომისია საწვავის იმპორტიორებს, მსხვილი ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორების, მწარმოებლებისა და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა კი ეს პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ფასები, უწყებების კოორდინირებული მუშაობით, დარეგულირდება. კომისიის მუშაობაში ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც.
"ჩვენი მიზანია, რომ შევისწავლოთ ფასები საკვებ პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე. კომისიის მიზანია, შევისწავლოთ ბიზნესპროცესები. საქართველოში კვლევამ აჩვენა, რომ საკვებ პროდუქტებსა და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასნამატი ძალიან მაღალია, საქართველოს მსგავს ქვეყნებთან შედარებით. გვინდა გავეცნოთ პროცესს, რა განაპირობებს ასეთ მაღალ ფასნამატს, რა შესაძლებლობა არსებობს, რომ მოხდეს ბიზნესპროცესებში ოპტიმიზაცია, რომელიც შედეგობრივად გამოიწვევს საკვებ პროდუქტებსა და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ანალოგიური პროცესი იქნება მედიკამენტებისა და საწვავის პროდუქტების შესწავლის ნაწილში.
საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია აღნიშნული სექტორები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ბაზარზე არსებობდეს შესვლის ბარიერები, ყველა ბაზრის მოთამაშე იყოს თანაბარ პირობებში, რაც საბოლოო ჯამში, სწორი კონკურენციის პირობებში მოგვცემს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს", - აღნიშნა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.











