დანიის შემთხვევაში ადამიანების უფლებების გათელვა პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოში კი, ევროპულზე და ამერიკულზე უფრო მაღალი სტანდარტებით საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება დემოკრატიული უკუსვლაა - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დანიის შემთხვევამ და დასავლეთის შემდგომმა დუმილმა, საზოგადოებას ყველაზე კარგად დაანახა, თუ რა ხდება სინამდვილეში ევროპულ სტრუქტურებში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, დანიის შემთხვევაში, ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა თურმე პრობლემას არ წარმოადგენს, საქართველოს შემთხვევაში კი, ევროპულზე და ამერიკულზე უფრო მაღალი სტანდარტებით, შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება დემოკრატიული უკუსვლაა.

"რატომ არის დამოკიდებულება, რომ ერთ შემთხვევაში ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა თურმე პრობლემას არ წარმოადგენს დანიაში, ხოლო ჩვენს ქვეყანაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან, რომლებიც საათების განმავლობაში ცდილობდნენ ადამიანები ცოცხლად დაეწვათ, გაენადგურებინათ კერძო საკუთრება, სახელმწიფო საკუთრება, ჩამოეშალათ ეს ქვეყანა და ამაზე საპასუხოდ, ევროპულზე და ამერიკულზე უფრო მაღალი სტანდარტებით, შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები გამოეყენებინათ - ეს არის დემოკრატიული უკუსვლა.ამ ორმაგ სტანდარტებზე კი არა, უსტანდარტობაზე პასუხის მოთხოვნა, თურმე არაევროპული ყოფილა. კიდევ ერთხელ ჩანს, როგორი მავნებლური და მეორე მხრივ, დამოკიდებული ურთიერთობა აქვთ ამ ადამიანებს უცხოეთის მხრიდან. ჩვენ, დამოუკიდებელ ქართველ ხალხს გვაქვს სურვილი, რომ არც ერთი ქვეყნიდან და არც ერთი დედაქალაქიდან, არც ერთი სხვა ქალაქიდან არ მივიღოთ დირექტივები და კეთილი ინებოს ყველამ და ჩვენს ქვეყანასთან დამოკიდებულება ჰქონდეს თანასწორუფლებიანობიდან გამომდინარე", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.