ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1772568015
„ჩვენი რეგიონისა და საქართველოს როლის ზრდასთან ერთად, იზრდება გარე ძალების ინტერესიც — საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული, სრულად დაქვემდებარებული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარე დავალებებით იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა სუვერენიტეტის დაცვა, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობა, საკუთარი სტრატეგიული ხედვით მოქმედება და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისთვის სანდო, სტაბილური და მიმზიდველი გარემოს შექმნა.
„მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა. მოვისმინეთ პირდაპირი მოწოდებებიც უკრაინის მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.
რომ არა ჩვენი გუნდის მტკიცე და პრინციპული პოლიტიკა, საქართველო დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო გამანადგურებელი ომის ადგილი. ომის, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში სისხლსა და სიკვდილს მოიტანდა — გაცილებით დიდი მასშტაბით, ვიდრე ბოლო ათწლეულებში გადატანილმა ომებმა მოგვიტანა.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გარე ძალების მხრიდან განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯა ქვეყანაში ხელოვნური პოლარიზაციის, ზიზღის, სიძულვილისა და დესტაბილიზაციის გასაზრდელად.
გამორჩეულ ინსტრუმენტად იქცა „რუსულთან“ დაკავშირებული იარლიყების მიკერება. და რას ვხედავთ დღეს?
ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდნენ - „რუსეთი ოკუპანტია“ და „რუსეთთან საუბარი ღალატია“, დღეს თავად ალაგებენ ურთიერთობებს კრემლთან, გვიხსნიან, რომ რუსეთი ევროპის ნაწილია და მასთან თანაცხოვრება გარდაუვალია. რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური ცინიზმი?
ამასობაში ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო, გონივრულ პოლიტიკას. ვემსახურებით მხოლოდ ჩვენს სამშობლოს. ჩვენ არ ვყვირით — ვმოქმედებთ.
ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ვზრდით ეკონომიკას, ვებრძვით კორუფციას, ნარკოტიკებსა და უკანონო მიგრაციას, ვზრუნავთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
და თუ ვინმესთვის ეს ყველაფერი „რუსულ საქმეს“ ემსახურება, სინამდვილეში ის საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს ებრძვის“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.