1770743848
„ჩვენი მიზანია, მათთან ერთად განვიხილოთ ბიზნესპროცესები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას უკავშირდება“ - ფასების შემსწავლელი კომისია აქტიურ მუშაობაზე დღეიდან გადადის
პარლამენტში მოქმედი ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია აქტიურ მუშაობაზე დღეიდან გადადის.
რამდენიმე საათში დაგეგმილ პირველ სხდომაზე საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან.
საუბარია ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებზე. განიხილება ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ღია დისკუსიის შედეგად, ყველა მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა მოხერხდება.
"ჩვენი მიზანია, მათთან ერთად განვიხილოთ ბიზნესპროცესები, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ წარმოებას, დავსვათ კითხვები, თუ რა პროცესები იწვევს წარმოების თვითღირებულების გაძვირებას, რა ინფლაციური პროცესები იყო ბოლო წლების განმავლობაში, როგორ შეგვეძლება აღნიშნული პროცესების ოპტიმიზაცია, სად არის საშუალება იმისა, რომ ბიზნესი, პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, რაც შედეგობრივად აისახება სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.











