„ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, რომ ეს კანონი იყოს ისეთი, რომ არასრულწლოვანების უფლებები არ დაირღვეს“ - ვიკა ფილფანი 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალური კანონის მიღების ინიციატივაზე

ვიკა ფილფანი

"ქართული ოცნების" ინიციატივა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანონი ისე იყოს ფორმულირებული, რომ არასრულწლოვანების უფლებების არ დაირღვეს.

"პრობლემა რეალურად არსებობს არასრულწლოვანებთან დაკავშირებით. ვნახოთ, კანონი რა სახით იქნება საბოლოო ჯამში ფორმირებული. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, რომ ეს კანონი იყოს ისეთი, რომ არასრულწლოვანების უფლებები არ დაირღვეს," - აცხადებს ვიკა ფილფანი.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს და საჭიროა მისი ისე გადაჭრა, რომ არასრულწლოვანებების უფლებების შელახვა არ მოხდეს.

"ამ პროექტს და ამ პროგრამას მე არ ვიცნობ კარგად, თუმცა ის, რომ პრობლემა არის და ეს პრობლემა გადასაჭრელია ისეთი გზით, რომ არ მოხდეს არასრულწლოვანების უფლებების შელახვა და, თან, ეს პრობლემა, რომელიც საზოგადოებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა, საჭიროა, რომ გადაიჭრას," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.