მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
გერმანია და ბრიტანეთი უკრაინის დახმარებას და რუსეთის მხრიდან დივერსიულ საფრთხეზე რეაგირებას განაგრძობენ.
ბერლინში დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის დესტაბილიზაციას, საპირისპირო შედეგს აღწევს.
„რუსეთმა სამხედრო მიზნების მიღწევა ვერ შეძლო, რადგან მისი მხრიდან მუდმივი ესკალაციის მცდელობას ვხედავთ. ჩვენ გავაგრძელებთ დივერსიულ საფრთხეებზე რეაგირებას, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს ადგილი. ეს არ შეგვიშლის ხელს უკრაინის მხარდაჭერაში, პირიქით, რადგანაც ვიცით, რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ვფიქრობ, პუტინმა არასწორად შეაფასა უკრაინის მეგობრების ერთგულება და მონდომება“, - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა.
გერმანიის პირველმა დიპლომატმა იოჰან ვადეფულმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინის პარტნიორები არ შეწყვეტენ კიევის თავდაცვის მხარდაჭერას.
„პუტინის გეგმა მთელ ქვეყანაში გაავრცელოს სიცივე და შიში არ უნდა იყოს წარმატებული. სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას რუსეთზე წნეხის გასაძლიერებლად უკრაინის მტკიცე მხარდაჭერით, დამატებით სანქციებით და, უპირველეს ყოვლისა, შეუპოვრობით. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას. არ შევჩერდებით, ვიდრე რუსეთი საბოლოოდ არ გამოავლენს მზადყოფნას მშვიდობისთვის“, - დასძინა ვადეფულმა.