მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი მიესალმა სომხეთის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში მეორედ მასპინძლობის შესაძლებლობას და აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ურთიერთობების, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიტიური დინამიკის ფონზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების სიხშირეს, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულ მეგობრობას ადასტურებს.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ცვალებად სამყაროში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არაერთი გამოწვევის წინაშეა, საქართველო და სომხეთი მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცვალებად სამყაროში, გარე ძალების გავლენების ფონზე, ქვეყნებმა უნდა შეძლონ, დაიცვან ეროვნული ინტერესები და არსებული ვითარება დადებითი შედეგების მისაღწევად გამოიყენონ. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა მომავალ თაობებს გადაეცეს.
მხარეებმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანამ კარგად იცის მშვიდობის ფასი და, შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგებიან. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში დადებით დინამიკას.
მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, სადაც სამივე ქვეყანა ერთიანია და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, მეტად მიმზიდველი იქნება და მრავალ ეკონომიკურ შესაძლებლობას მოიტანს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი გახდება.
მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის მნიშვნელობას მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, სომხეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა.