დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ - გეკა გელაძე

გეკა გელაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. ახალი კამპანიის – "პროფესია პოლიციელი" მიზანი ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაციაა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, განათლების მინისტრთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წარუდგინა. ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, პროექტი ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - "პროფესია პოლიციელი", რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შსს-ს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში, ადგილზე გაეცნონ მათ მიღწევებს, შედეგებს და წარმატებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდები დაინტერესდნენ და ჩვენ დავაინიციირეთ კანონმდებლობა, რომ შსს-ს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს", - განაცხადა შს მინისტრმა.