ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ისე პარტიული მუშაობის თვალსაზრისით - კახა კალაძე

კახა კალაძე

თანამდებობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ რიგითი ჯარისკაცი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობაზე.

მისივე განმარტებით, კანდიდატს პარტიის პოლიტსაბჭო დაასახელებს.

„პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პოლიტსაბჭოს მიერ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გუნდის წევრები სრულად გაიზიარებენ.

„ჩვენს პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება. მხარს დავუჭერთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტსაბჭო წარმოადგენს. ირაკლი კობახიძე თუ იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.