ბიძინა გიორგობიანი: თუ ევრობიუროკრატებს თავზე ხელი არ აქვთ აღებული და რუკას მაინც შეხედავენ სერიოზულად, მიხვდებიან, რომ საქართველოსთან ე.წ. ღირებულებებით ჟონგლიორობა და საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი აქციები სიკეთეს არ მოუტანთ

ბიზინა გიორგობიანი

კომუნიკაციაში შემოდიან ისევ ძალადობით. ვერ ხედავენ რა ხდება ან ევროპის კონტინენტზე ან წინა აზიაში, როდესაც მიმდინარეობს ორი ფართო მასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. არიან ისევ ძველი დღის წესრიგით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა, ევრობიუროკრატიაზე საუბრისას.

მისი თქმით, ახლა ბურთი ბრიუსელის მოედანზეა და მან უნდა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება და აღადგინოს ურთიერთობა საქართველოსთან.

„ახლა ბურთი უკვე ბრიუსელის მოედანზეა. მან უნდა გამონახოს გზები საქართველოსთან სალაპარაკოდ. ვინაიდან საქართველო რჩება თავისი ბრძნული და გონიერი გადაწყვეტილებებით სტაბილურობის ოაზისად და დამაკავშირებელ გზად ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და ევროპას შორის.
ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან. თუ ევრობიუროკრატებს მართლაც თავზე ხელი არ აქვთ აღებული და რუკას მაინც შეხედავენ სერიოზულად მიხვდებიან, რომ საქართველოსთან ე.წ. ღირებულებებით ჟონგლიორობა და საქართველოს წინააღმდეგ დამსჯელი აქციები მათ სიკეთეს არ მოუტანს.
რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში არ შედის განადგურებული და ეკონომიკურად დაუძლურებული ევროპა, მაგრამ ისინი ამ გზაზე დგანან. შეუქცევადი პროცესი გვაქვს სახეზე ევროპის დეგრადაციის და დეზინტეგრაციის“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ევროკავშირის ბიუროკრატია სავარაუდოდ შეცვლის მის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.

ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ცნობილია, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის ეკონომიკური პარამეტრების გამო საქართველო შეიძლება განწირული იყოს გარკვეული შეზღუდვებისთვის და ისეთი გადაწყვეტილებების შესრულებისთვის, რაც არ შედის ჩვენს ინტერესებში.