ბიძინა გიორგობიანი: ევროპარლამენტის რეზოლუციებს უკვე აღარ აქვს ის მაგიური ძალა, რომელიც 1 ან 2 წლის წინ ჰქონდა

ბიძინა გიორგობიანი

ბიძინა გიორგობიანმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მორიგი რეზოლუცია შეაფასა. ამ თემაზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელში სულ უფრო ხმამაღლა ისმის განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობის შესახებ, თუმცა ევროპარლამენტის უმრავლესობა საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუციებს ამზადებს.

„ამ რეზოლუციებს უკვე აღარ აქვს ის მაგიური ძალა, რომელიც 1 ან 2 წლის წინ ჰქონდა და გარკვეულ ემოციურ შოკს იწვევდა საქართველოს მოქალაქეებში. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამას. არის რაღაც გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფება, დიფ სთეითია ეს თუ ფარული მმართველობა, თუ გარკვეული ინტერესების ლობისტური ჯგუფი, რომლებიც ამ რეზოლუციებს ამზადებენ და შიგ წერია ყოველგვარი შესაძლო და შეუძლებელი სიცრუე. მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელიც ღიად და პირდაპირ ფინანსდება რუსეთიდან, პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული“, - განაცხადა გიორგობიანმა.

ევროპარლამენტმა დღეს ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიციელზე თავდასხმის გამო მსჯავრდებული მზია ამაღლობელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობასა და საბოტაჟში ბრალდებული ელენე ხოშტარია.