„ბევრჯერ გავაკეთეთ განმარტება, რომ ბიზნესში არ ვერევით, ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი" - კახა კალაძე

კალაძე

 "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე მოხდეს ფასების დარეგულირება. სასიამოვნოა ისიც, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართულია ბიზნეს სექტორიც," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

"ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განმარტება, რომ ბიზნესში არ ვერევით, ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, დამოუკიდებელი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს, შევქმნათ ისეთი გარემო, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება იყოს სასიამოვნო პროცესი და ხელშეუხებელი," - აღნიშნა კახა კალაძემ.

საჯარო დებატების პარალელურად, ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს. დებულება დამტკიცებულია, მომავალი კვირიდან პარლამენტში სამუშაო რეჟიმში სხდომები გაიმართება. კომისიის მიზანია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება. კომისიას, რომელიც 14 წევრისგან შედგება, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პარლამენტის პარალელურად, გრძელდება მუშაობა სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით. სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების კორექტირებაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალურმა კომისიამ შეხვედრები თითოეული დარგის წარმომადგენელთან უკვე გამართა. ჯერ საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა, თუმცა მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.