ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.
ცოტა ხნის წინ, საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს ოპოზიციურ გაერთიანებაში. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, ისინი დარბაზში იქნებიან წარმოდგენილნი.
"ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და რაც მთავარია, ქუჩაში, თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად. ვიღაცა შევა დარბაზში და წარმოადგენს საკუთარი პარტიის პოზიციას, ვიღაცა არა. არ მგონია, რომ ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება "ფედერალისტურ პარტიას", თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ბათუმში იქნებიან, თუმცა პროცესზე არა, რადგან მიმდინარე სამართლებრივ დავას პროცესად არ თვლიან.
"ბათუმში ვიქნებით, ოღონდ პროცესზე არა, არ ვთვლით პროცესად", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მიიღებენ თუ არა პროცესში მონაწილეობას - ჯერჯერობით, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს პარტია "საქართველოსთვის" წევრებს. როგორც გიგა ფარულავამ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.
"ჩვენთვის მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში საკონსტიტუციო მექანიზმების ამოქმედება პარტიების გასაუქმებლად. ეს არის იმ წნეხის გაგრძელება, რასაც მთელი ეს წლებია "ოცნება" ახორციელებს.
რაც შეეხება პროცესში მონაწილეობის საკითხს, ამაზე ჩვენ ჩვენს პარტიის წევრებთან ერთად ვმსჯელობთ და ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ცნობილი", - განაცხადა გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. 88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.
უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.