აშშ-ში საქართველოს საელჩო: პატივს მივაგებთ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას, სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს

აშშ-ში საქართველოს საელჩო

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩო პატივს მიაგებს ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას და სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„დღეს 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენიდან 25 წელი შესრულდა. აღნიშნულმა ტრაგედიამ ღრმა და წარუშლელი კვალი დატოვა როგორც ამერიკელი ხალხის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოების მეხსიერებაში. 2001 წლის 11 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ მოვლენად დარჩება, რომელმაც საუკუნის დასაწყისში შეგვახსენა, რომ უმძიმესი განსაცდელის ჟამსაც კი შესაძლებელია ურთიერთმხარდაჭერის, სოლიდარობისა და ერთიანობის შენარჩუნება.

სამხედრო მოსამსახურეებმა, მეხანძრეებმა, მაშველებმა და უბრალოდ რიგითმა მოქალაქეებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აჩვენეს თავდადების გმირული მაგალითები, რომელთა შედეგად 11 სექტემბერი სამარადჟამოდ არა მხოლოდ უდიდესი ტრაგედიის, არამედ ადამიანური ღირსების, სიმტკიცისა და თანადგომის სიმბოლოდაც დარჩება.

ამ უპრეცედენტო მასშტაბის ტერორისტულ თავდასხმას თითქმის სამი ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მათმა ოჯახებმა უმძიმესი დანაკარგი განიცადეს. პატივს მივაგებთ თითოეული დაღუპულის ხსოვნას და ვუერთდებით დაღუპულთა ოჯახებს მათ მოგონებაში. სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.