1770234507
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთი-ერთში ამბობს იმას, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკები იყოს გატარებული - ნინო წილოსანი
მმართველი გუნდის შეფასებით, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაზეც გუნდი წლებია, საუბრობს.
კერძოდ, დასავლეთიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები, რათა გარკვეული პოლიტიკა იქნეს გატარებული.
ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
„ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთი-ერთში ამბობს იმას, რასაც ჩვენ წლებია, ვსაუბრობთ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკები იყოს გატარებული. მათ შორის, რაც ყველაზე სავალალოა და ამ ანგარიშში ნათლად არის წარმოდგენილი, როგორი იყო ევროკომისიის ზეწოლა რუმინეთში, საფრანგეთში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებზე. ეს არის ის უხეში ჩარევა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიხატა სოციალურ ქსელებში ჩარევით, ცენზურით და იმ საჯარო ინფორმაციაზე გავლენით, რომელიც ევროკომისიას აქვს.
თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთი, რაშიც ისინი სცოდავენ. საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ბევრი მსგავსი დარღვევა ვიცით”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში“.












