არის მზაობა, რომ თითოეული აქტორი ჩართული იყოს პროცესში, მათ შორის, ფასწარმოქმნის ეტაპზე" - თორნიკე ჭეიშვილი ფასების რეგულირებაზე

თორნიკე ჭეიშვილი

 რა ფაქტორები მოქმედებს ქვეყანაში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის მატებაზე? საკითხის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ტექნიკური დეტალები დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე უნდა დადგინდეს.

გაირკვევა კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები. მუშაობას კი კომისია, რომლის უფლებამოსილების ვადაც 3 თვით განისაზღვრა, ხვალ დაიწყებს.

მმართველი გუნდის თქმით, საპარლამენტო, ისევე როგორც სამთავრობო კომისიების მუშაობა გამჭვირვალედ წარიმართება. პროცესის დაწყებისთვის მზადაა ოპოზიციაც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, პროცესში მონაწილეობას ბიზნესაქტორებიც მიიღებენ.

"არის მზაობა, რომ თითოეული აქტორი ჩართული იყოს პროცესში, მათ შორის, ფასწარმოქმნის ეტაპზე, იყოს დისკუსიაში მოწვეული. ერთი მხრივ, უნდა მოვისმინოთ ის გამოწვევები, რომელიც აქვს აქტორებს, მეორე მხრივ, ვიმსჯელოთ გადაჭრის გზებზე, რაც, საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს უმთავრეს მიზანზე - სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების კლებაზე.

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი, რომელიც პირდაპირპროპორციულ კავშირშია მოსახლეობის კეთილდღეობასთან", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.