არჩილ გორდულაძე: თუ გრეგოროვამ არ იცის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულით ფინანსდება, ეს ფაქტი მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და საერთოდ ხმა არ ამოეღება. მაგრამ თუ იცის და მაინც ასე იტყუება, ეს მეორე უბედურებაა

არჩილ გორდულაძე

ეს არის თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავდასხმა დემოკრატიის მთავარ პრინციპზე და ამავდროულად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მარკეტა გრეგოროვაზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუ გრეგოროვამ არ იცის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულით ფინანსდება, ეს ფაქტი მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და საერთოდ ხმა არ ამოეღება. მაგრამ თუ იცის და მაინც ასე საჯაროდ იტყუება, ეს კიდევ მეორე უბედურებაა.

„ამ ქალბატონმა უნდა აირჩიოს ამ ორი უბედურებიდან მის თავს რა არის დამტყდარი და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. „იმედის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც აჟღერებს სიმართლეს და საუბრობს ფაქტებზე, სრული მხარდაჭერა აქვს მაყურებლისგან. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ტელევიზიაზე, აქ საუბარია თავისუფალ სიტყვაზე. კეთილი ინებონ და სხვა, თუნდაც ევროპული ტელევიზიები დაასანქცირონ, რადგან რასაც ისინი საუბრობენ, ამას აჟღერებს „იმედიც“.

აქ არის მარტივი პიარული სვლები, რომ როგორმე ჩვენს საქმეებში, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებზე ზეწოლა მოხდეს და განცხადებების გასაკეთებლად რაიმე საფუძველი ჰქონდეთ. ზუსტად იგივე პრინციპი იყო BBC-ის ე.წ. ფილმი და ჩვეულებრივი დეზინფორმაციის გავრცელება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ როგორმე ასეთი ნიუსების ერთობლიობა გაჩნდეს, რომელზე დაყრდნობითაც კიდევ უფრო მეტად მძიმე გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი ექნებათ, რომ დაისაჯოს ქართული საზოგადოება“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ „ქრონიკის" გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ მათ ევროპარლამენტში მუშაობა უნდა ეკრძალებოდეთ.