არჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო

არჩილ გორდულაძე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.

„ნაციონალური მოძრაობა“ სვამდა კითხვებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზედაც გამოძიებები მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის. ესეც იმის დამსახურებაა, რომ როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მტკიცებულებები მიეჩქმალათ, დამნაშავეებს რეალურად არ ჰქონოდათ პასუხისმგებლობის დადგენის არანაირი შიში და ახლა საუბრობენ, რომ თითქოს ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ყველაფერი ვერ გამოვიძიეთ.

ისინი არაფერს საუბრობენ ისეთ უმძიმეს საქმეებზე როგორიც არის ოჩიგავას საქმე, როგორიც არის გირგვლიანის, შავაძის, თეთრაძის და ა.შ. არაერთი საქმე, რომელიც არის სისხლიანი რეჟიმიდან გამომდინარე.

ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ თითქოს სამართლებრივი სახელმწიფო საერთოდ არ არის კონსტიტუციური წყობილების ნაწილიო, აი ამასაც ამბობდა არაკონსტიტუციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი. ასევე ამბობენ, რომ არ შეიძლება წარსული ქმედებებისთვის და ახლა რომ არ ემიჯნებიდან, ამ ყველაფრიდან გამომდინარე პარტიის საქმიანობის აკრძალვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა განახლდება.

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის მე-18 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.

✕