არჩილ გორდულაძე: ახლა ბათუმში სამი ქვეყნის ელჩები ესწრებიან სასამართლო პროცესს. როდესაც ელჩი ესწრება სასამართლოს, ეს ძალიან ჰგავს ჩარევის მცდელობას სასამართლო დამოუკიდებლობაში. რა უნდა ელჩს სასამართლო პროცესზე?

არჩილ გორდულაძე

დაუბრუნდნენ დიპლომატები თავიანთ დიპლომატიურ საქმიანობას. გაიხსენონ, მაგალითად, კონვენციები, ქვეყნებთან ურთიერთობის სტანდარტები და დაანებონ თავი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელების ფათურს“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ზოგიერთი ელჩი თავისი ქმედებით პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, რაც მიუღებელია.

„მაგალითისთვის, ახლა ბათუმში სამი ქვეყნის ელჩი ესწრება სასამართლო პროცესს. ეს სხვა არაფერია, თუ არა იმის გაგრძელება, როგორც წარსულში ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა ახსნა - განმარტება მოსთხოვა მოსამართლეს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა სტრასბურგში. დამტკიცდა, რომ სიმართლეა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სავსებით კანონიერი არის და შეესაბამება სამართლებრივ სამართლის ძირითად პრინციპებს და აქ დარღვევა არაფერი ყოფილა. შემდეგ, ამ მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში აუკრძალეს ჩასვლა, ვიზიტი გაუუქმეს. როდესაც ელჩი ესწრება სასამართლოს, ეს ძალიან ჰგავს ჩარევის მცდელობას სასამართლო დამოუკიდებლობაში.

ჩვენ გვახსოვს, რომ გარკვეული პირები ითხოვდნენ, მათ შორის დამნაშავე პირების, ბრალდებული პირების გამოშვებას. ბრალდებული პირის გამოშვება, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული ადამიანების ეს არის პირდაპირ ჩარევა სასამართლო სისტემაში. ანუ მოგვიწოდებდნენ, რომ დავალება უნდა მიგვეცა თითქოს სასამართლოსთვის, რომელიც გამორიცხულია. სასამართლო დამოუკიდებელი სისტემა არის. ასეთი ქმედებები არ უნდა იყოს.

შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ცუდად ვსაუბრობ, რომელიმე ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან დაკავშირებით. ფაქტი ხომ განსხვავებულია?! ფაქტი არის, რომ ელჩები არიან სასამართლო პროცესზე. რა უნდა ელჩს სასამართლო პროცესზე? წარმოვიდგინოთ, რომელიმე ქვეყანაში რომ ყოფილიყო ელჩი პროცესზე. ხომ არ ყოფილა ასეთი რამე? ან ასეთი რამე, რომ მომხდარიყო ხომ კრიტიკას დაიმსახურებდა ასეთი დიპლომატი? დაიმსახურებდა რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ ქვეყანაში თურმე ამისი უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს უფლება, რომ თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, როდესაც ვხედავთ ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში ჩარევას. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს. ურთიერთობები უნდა იყოს თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ორმა ქვეყანამ ერთმანეთთან იურთიერთოს.

ბურთი არა საქართველოს მხარეს, რეალურად არის სწორედ მათ მხარეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვასრულებთ ჩვენს წილ ნაკისრ ვალდებულებებს. მათ შორის წარსულში აღებული ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს შესრულებული, როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წინაშე. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკაში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ყველა ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაშია. ამავდროულად, ჩვენ ვიღებთ ყველანაირ ტყუილს საპასუხოდ და ეს ყველაფერი ვრცელდება როგორც საერთაშორისო სხვადასხვა უცხოელი სახელის და გვარის მქონე ადამიანებისგან, ამავდროულად „დიფ სთეითის“ ჩართული კონკრეტული აგენტურისგან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.