არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციას დღეს რაიმე გამარჯვების იმედი ჰქონდეს. ერთადერთი რაშიც ფიქრობს, რომ უნდა მიაღწიოს წარმატებას არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მხარდამჭერი დაკარგოს, რომ გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა - ნანა კაკაბაძე

კაკაბაძე

არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციას დღეს რაიმე გამარჯვების ან რაიმე წარმატების იმედი ჰქონდეს. ოპოზიციას ერთადერთი, რაც აქვს და რაშიც ფიქრობს, რომ უნდა მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას ეს არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მხარდამჭერი დაკარგოს ამ არჩევნების დასრულების შემდეგ, რომ თვითონ გააგრძელონ შემდგომში პოლიტიკური საქმიანობა და არ მოუხდეთ ისეთი განცხადების გაკეთება, რომ ისინი პოლიტიკიდან მიდიან. ეს არის მათი მთავარი ამოცანა და არა ის, რასაც ისინი დეკლარირებენ საჯაროდ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ უპირობო გამარჯვების მიზეზი არის იმ გამოცდილების შედეგი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საზოგადოებამ დააგროვა.

„ქართულმა საზოგადოებამ თავის თავზე ისეთი ცხრა წლიანი მმართველობა გადაიტანა, რომ დღეს ვინც არ უნდა იყოს ამ ოპოზიციის კონკურენტი, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს „ქართული ოცნება“ კი არა, პირდაპირ „ეშმაკუნები“, რომ დაუდგნენ დღევანდელ ოპოზიციას ისინი დაამარცხებენ. იმიტომ, რომ ჩვენ გავიარეთ ის, რაც საქართველოს ისტორიისთვის იყო უცნობი. ჩვენ ვიცხოვრეთ არა მხოლოდ სისასტიკეში, ეს იყო არა ქართული პოლიტიკა. ამას ვერასოდეს ვერ დააბრუნებს ქართველი“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.