1759573255
"ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი" - ნათია იოსელიანი

"რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით - მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული," - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე, საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარია შესული.
"ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი, რომელიც, ძირითადად, შეეხება შემდეგ საკითხებს: ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევა, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევა, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვა.
იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე დაწერენ საჩივარს და აღნიშნულ საჩივარზე თავმჯდომარე არ მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, შეუძლია უფლებამოსილ პირს აღნიშნული საჩივარი შეიტანოს საოლქო საარჩევნო კომისიაში. ბუნებრივია, ჩვენ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, გაწვდით ინფორმაციას საოლქო კომისიაში შესული საჩივრების შესახებ. ამ დრომდე, აღნიშნული საჩივრები ოლქში არ იყო წარდგენილი.
უბნებზე შესაძლებელია და ეს არის საარჩევნო პროცესის თანმდევი საჩივრები, ამაში ახალი არაფერია. საჩივრები არ არის ტრაგედია, საჩივრები უნდა დაიწეროს, თუ არის ჯანსაღი გარემო და აუცილებელია, ამ საჩივრებზე კომისიის თავმჯდომარემ მოახდინოს რეაგირება, მაგრამ ამავე დროს, თუ საარჩევნო უბანზე არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რეაგირება არ მოახდინა თავმჯდომარემ აღნიშნულზე, ასეთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიაში იწერება საჩივარი. ეს ძალიან კარგად იციან ჩართულმა მხარეებმა," - განაცხადა ნათია იოსელიანმა.