1759586319
იქნება მცდელობა პროვოკაციების, მძიმე პროვოკაციებისაც... რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა შეიკრიბოს დღეს, მათი რაოდენობა გაცილებით მცირე იქნება იმ ადამიანების რაოდენობაზე, ვისაც ქვეყნის გადარჩენა სურს და მისი განვითარების მომხრეა - გიორგი ვოლსკი

მზადება საპროტესტო აქციისთვის - ოპოზიციის ნაწილი საკუთარ გეგმებზე საუბრობს. შეკრების ორგანიზატორების მხრიდან ბოლო პერიოდში მუდმივად ისმოდა განცხადებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აფრთხილებს ყველას, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას პასუხი გაეცემა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ დღეს მძიმე პროვოკაციების მცდელობები იქნება, თუმცა რა რაოდენობის საზოგადოებაც არ უნდა შეიკრიბოს დღეს დაგეგმილ აქციაზე, მისივე თქმით, რაოდენობა ბევრად მცირე იქნება, ვიდრე ის ნაწილი, ვისაც ქვეყნის გადარჩენა სურს და მისი განვითარების მომხრეა.
"იქნება მცდელობა პროვოკაციების, მძიმე პროვოკაციებისაც. რა რაოდენობის ხალხიც არ უნდა შეიკრიბოს დღეს, რა საკვირველია, ეს გაცილებით უფრო მცირე იქნება, ვიდრე ხალხისა, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა სურს და მისი განვითარების მომხრეა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი როცა გირჩევს, გავალებს კიდევაც, რომ უზრუნველყო ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გამართული, პროფესიონალი, მოტივირებული სამსახურები უზრუნველყოფენ იმას, რომ ქვეყანა არ განვითარდეს იმ გზით, რასაც ეს კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გვემუქრება“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.