არ მგონია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მხოლოდ "ქართული ოცნების" კონტექსტში - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

"ქართული ოცნება" ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას აფასებს და მას სანქციებით შანტაჟსა და მორიგი უშედეგო მცდელობას უწოდებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კაია კალასმა თქვა, რომ ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმოს. მისივე განცხადებით შეხვედრაზე სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა დააყენეს, თუმცა მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი მხარს არ უჭერს.

თემას აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის განმარტებით, მას არ ჰგონია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავიზო რეჟიმის კონტროლის საკითხზე "ქართული ოცნების" კონტექსტში მსჯელობდა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური გამოწვევაა.

"რაზე მსჯელობს ევროკავშირის საგარეო მინისტერიალი,ზოგადად, მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევაა ევროკავშირისთვის ეს საკითხი. მგონია, რომ კალასის განცხადება ეხება გლობალურად ამ პრობლემის გადაჭრის გზას, რასაც ჰქვია ახალი რეგლამენტაცია სავიზო რეჟიმის კონტროლის ნაწილში. არ მგონია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, მხოლოდ "ქართული ოცნების" კონტექსტში", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.