ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში გამართულ ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა

ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ საბჭოს წევრებს საანგარიშო პერიოდში სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და გატარებულ ღონისძიებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა უკანონო მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად.

სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დამსწრე საზოგადოებას, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები გააცნო.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ. წელს საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.