1769540049
"ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი" - ნინო წილოსანი მაია სანდუზე
მოლდოვის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, მეორე დღეა, ქართველი პოლიტიკოსების შეფასებების თემაა.
სტრასბურგში მაია სანდუმ რუსეთის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა, შეეხო საქართველოსაც და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სანდუსგან მსგავსი ტექსტები მოულოდნელი არ ყოფილა, ისინი მოლდოვის პირველ პირს მის ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას ახსენებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკოსს, რომელიც მზად არის, საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვას და რუმინეთს მიუერთოს, საქართველოზე მსგავს კონტექსტში საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
"ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობდა, ცეცხლზე ნავთი დაესხა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ყოველთვის გვევლინებოდა შიდა არეულობის მომხრედ, მან 4 ოქტომბერს გაამხნევა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ჩართული ადამიანები. მაია სანდუს კეთილსინდისიერებაში, საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებში, ნამდვილად ეჭვი გვეპარება, თუმცა ეჭვი აღარ გვეპარება საკუთარ ქვეყანასთან მის დამოკიდებულებაში. ადამიანი, რომელიც მზად არის, თავის ქვეყანა გააუქმოს და შეიყვანოს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში, ალბათ, ვერასდროს იქნება ქართველებისთვის მისაბაძი, ან მისი მოსაზრება ვერ იქნება გასათვალისწინებელი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.










