ვიტალი კლიჩკომ კიეველებს ცივი ღამეებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა

ვიტალი კლიჩკო

ვიტალი კლიჩკომ კიევის მცხოვრებლებს მოუწოდა, ცივი ღამეებისთვის მოემზადონ. უკრაინის დედაქალაქის მერის თქმით, კიეველებს მოუწევთ „გადაიტანონ უახლოესი რამდენიმე დღე-ღამე, რომელიც კიევისთვის ძალიან რთული იქნება“. მეტეოროლოგიური პროგნოზის თანახმად, 8-10 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის მასირებული დარტყმების შემდეგ ენერგოსექტორში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, -12-დან -17 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი.

მანამდე კი უკრაინულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ DTEK განაცხადა, რომ დაზიანებების გამო კიევს ელექტროენერგია დღე-ღამეში მხოლოდ 1,5-2 საათით მიეწოდება.

„6-დან 7 თებერვლის ღამეს რუსებმა ენერგოსისტემაზე იერიში მიიტანეს. დაზიანდა DTEK-ის ორი თბოელექტროსადგური და საკვანძო მაღალი ძაბვის ქვესადგურები. მაღალი ძაბვის ქვესადგურების დაზიანების გამო, იძულებით განიტვირთა ატომური ელექტროსადგურები. უკრაინამ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. სისტემა მუშაობს მაქსიმალური შეზღუდვებით“, - განაცხადეს კომპანიაში და ასევე მოუწოდეს მოსახლეობას, რთული დღეებისთვის მოემზადონ.