1789714745
უკრაინული მედია: აშშ უკრაინას გერმანიის მეშვეობით Patriot-ის 10 რაკეტას გადასცემს
აშშ გერმანიიდან უკრაინისთვის Patriot-ის 10 რაკეტას გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედის ამერიკის კონგრესის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც უკრაინა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტს განიცდის. Patriot-ის სისტემები ამჟამად ერთადერთი იარაღია, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება საიმედოდ შეუძლია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გერმანია უკრაინას 10 ერთეულ MIM-104E GEM-T Patriot-ის რაკეტას გადასცემს, რომელთა ღირებულება 29,6 მილიონი დოლარია. უწყებამ ამის შესახებ კონგრესს აცნობა.
მიუხედავად იმისა, რომ რაკეტებს გერმანია გადასცემს, აშშ-ის „იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, კონგრესმა უნდა განიხილოს ამერიკული წარმოების იარაღის მესამე ქვეყანაში ხელახალი ექსპორტის საკითხი, თუ თავდაპირველი მიწოდების ღირებულება 14 მილიონ დოლარს აღემატება.
თუ კონგრესი იარაღის ხელახალი ექსპორტის აკრძალვის შესახებ ერთობლივ რეზოლუციას არ მიიღებს, გადაცემის ნებართვა ავტომატურად ამოქმედდება.
„ეს გადაცემა შეესაბამება აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიზნებს. აშშ-ის მთავრობა მზად არის, აღნიშნულ გადაცემას ავტორიზაცია მისცეს, პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული და შეიარაღების კონტროლის საკითხების გათვალისწინებით“, - ნათქვამია კონგრესისადმი სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში.
როგორც უკრაინული მედია წერს, სექტემბრის დასაწყისში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი მზად იყო, უკრაინას დამატებით მიაწოდოს Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-2-ის რაკეტები, ასევე სხვა საჰაერო თავდაცვის საშუალებები.












