1789714745
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე.
„ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაგა-ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე მონიტორინგი განახორციელა და ინფრასტრუქტურის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეაფასა.
ამასთან, ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში, როგორც პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში, აქტიურად გრძელდება სურსათის წარმოების სრული ჯაჭვის კონტროლი — სურსათის მიღების, შენახვისა და დამუშავების ეტაპებიდან მზა პროდუქტის გაცემამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.












