1733256870
საჭიროა კონცეფცია „მშვიდობა ძალის გზით“ და არა პუტინისთვის რაიმეს დათმობა, რაც მიუღებელია უკრაინისთვის, ხოლო მთელი ევროპისთვის თვითმკვლელობა - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება რუსეთისთვის ნებისმიერ დათმობას, რაც მთელი ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, იტყობინება უკრაინული მედია.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ბოლო შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ომი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან ჩრდილოეთ კორეა ახლა პრაქტიკულად ევროპაში ომს აწარმოებს.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ბრიტანეთში ივლისში გამართული სამიტის შემდეგ იყო ბევრი საუბარი ვლადიმერ პუტინის წინაშე დათმობებზე წასვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
„აქ მყოფთაგან ზოგიერთი მტკიცედ ემხრობოდა, რომ უკრაინა წასულიყო პუტინის წინაშე დათმობებზე. ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის. და შემდეგ რა? ევროპა უნდა ისწრაფოდეს კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობისკენ იმ იმედით, რომ ისიც დაანებებს თავს ევროპას? ვერცერთი ძლიერი ლიდერი, რომელმაც წვლილი შეიტანა გაერთიანებული, ძლიერი და მშვიდობიანი ევროპის შექმნაში, ასეთ რამეს ვერც კი წარმოიდგენდა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ამასთან, მისი თქმით, კონცეფციამ „მშვიდობა ძალის გზით“ უკვე არაერთხელ დაადასტურა თავისი რეალისტურობა და ეფექტიანობა.
„ის კიდევ ერთხელ საჭიროა, არ უნდა იყოს ილუზიები, რომ სისუსტის გამოვლენით ან რამე ევროპული პოზიციების, ან ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პოზიციების დათმობით, შესაძლებელია სამართლიანი მშვიდობის შეძენა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.