ფოთის მუნიციპალიტეტიდან ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში ხვალ გაიგზავნება

დახმარება

ფოთის მუნიციპალიტეტიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი, უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს. ფოთში, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და პროცესის მართვა ფოთის მერის ბექა ვაჭარაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობითა და ქალაქის მუნიციპალური რესურსის სრული მობილიზებით მიმდინარეობდა.

პროცესის ლოჯისტიკა ა(ა)იპ სოციალური ცენტრის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით წარმატებით განხორციელდა. ჰუმანიტარული ტვირთი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეგროვდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორს, რომელიც გამოეხმაურა ინიციატივას და მონაწილეობა მიიღო ჰუმანიტარულ აქციაში.