„ესეც სცენარის ნაწილია... საქმე გვაქვს ბინძურ პროვოკაციასთან“ - რატომ და ვის გეგმაში შედის საქართველო-უკრაინის დაპირისპირება

უკრაინა

მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინა საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი ქმნის სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდულ არხებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეც ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. უკრაინული მხარის ამ ბრალდებას თან არ ახლავს მტკიცებულება, რომელიც განცხადების სანდოობას დაადასტურებს.

რამდენად სანდოა და რა საფუძველი აქვს უკრაინის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებას

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე“პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება დანაშაულია, რადგან ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„უკრაინული მხარე აბსოლუტურად არაკორექტულად იქცევა. დანაშაულიც კი არის ის განცხადება, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე გაავრცელა. ამ გაგანია ომის დროს, თურმე უკრაინის დაზვერვას იმისთვის სცალია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმუშაოს. უკრაინელი ჩინოვნიკები ზედმეტად გათავხედებულები მეჩვენებიან. მართალია, ისინი ახლა ურთულეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, მაგრამ  ასეთი განცხადების გაკეთება  მაინც არ ეპატიებათ. ვის სჭირდება საქართველოდან იარაღის გატანა, ეს სიმართლის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება“,- განაცხადა არეშიძემ.

ვინ და როგორ სურს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა

არეშიძის განცხადებით, უკრაინის უკან მდგარი ძალებისთვის და ასევე, რუსეთისთვის საქართველოს ომში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გამო ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციასაც არ ერიდებიან.

„ამ შემთხვევაშიც,  პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს,  ვიღაცამ საქართველოს დისკრედიტაციის მიზნით, ამ ბინძური ანტიკამპანიის აგორება მოინდომა. საერთოდ, პარადოქსია, როცა იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენ გვდებს ბრალს რაღაცაში, რომლის ტერიტორიაზე რუსული ენრგომატარებლები გადის  და ევროპაში მიდის.

საქმე ისაა, რომ უკრაინის უკან მდგარი ძალებისთვის და ასევე, რუსეთისთვის ჩვენი სივრცის ომში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს ამ სივრცის დაკავება უკრაინის ომის კონტექსტში სურს. სწორედ, ამ გეგმას ემსახურება ასეთი ბინძური სახის განცხადებები. უნდა ითქვას, რომ იმ სცენარში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახმოვანებს, „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში და საქართველოში მოღვაწე წევრების ჩართულობა შეიმჩნევა, თუმცა ეს კლიმატი მხოლოდ  მათი აქტიურობით არ არის შექმნილი“,- განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნული ინფორმაცია, მტკიცებულებების გარეშე, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა.