ზელენსკი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შემცირებაზე: არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები, გარდა ახლო აღმოსავლეთისა - შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი გახდეს

ზელენსკი

უკრაინამ შესაძლოა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის იმაზე ნაკლები რაკეტა მიიღოს, ვიდრე ესაჭიროება - ამის მიზეზი, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მცდელობა იყოს, გახადონ კიევი დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

რაკეტების დეფიციტის მთავარ მიზეზად პარტნიორები, კერძოდ, აშშ და ევროპის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთში მოვლენების განვითარებასა და ამ კონფლიქტში თავიანთ ჩართულობას ასახელებენ.

„სულ მცირე, ასეთ ოფიციალურ განმარტებას ვიღებდით პარტნიორებისგან - ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ისევე როგორც ევროპელი პარტნიორებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ჩართულობა ახლო აღმოსავლეთში მინიმუმამდე იყო დაყვანილი, გასულ წლებში ისინი მაინც აწვდიდნენ უკრაინას ანტიბალისტიკურ რაკეტებს Patriot-ისა და საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემების შესავსებად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გარდა, შესაძლოა პოლიტიკური მოტივებიც არსებობდეს.

„არ ვიცი, არის თუ არა სხვა მიზეზები, გარდა ახლო აღმოსავლეთისა. შესაძლოა, ეს იყოს პოლიტიკური ნაბიჯები იმისთვის, რომ უკრაინა დათმობებზე უფრო მეტად წამსვლელი გახდეს. ჩემი აზრით, ეს გამორიცხული არ არის და გვესმის, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა“, - გაუსვა ხაზი სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შეძლო რთული ზამთრის გადალახვა, თუმცა მიწოდება ყოველთვიურად მცირდებოდა და ახლა ქვეყანა მუდმივი დეფიციტის პირობებში იმყოფება.