ზელენსკი: მივიჩნევთ, რომ ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მიღწევა რეალისტურია - ომი უნდა დასრულდეს

ზელენსკი

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მიღწევა რეალისტურია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ შევხვდი ჩვენს მომლაპარაკებელთა გუნდს. ველოდებით, რომ შეხვედრები უახლოეს დღეებში, შესაძლოა უკვე ამ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართოს.

დღევანდელ შეხვედრას მომლაპარაკებელი გუნდის თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა, კერძოდ: რუსტემ უმეროვი, კირილო ბუდანოვი, სერგი კისლიცია, ანდრიი ჰნატოვი და ალექსანდრე ბევზი. მოლაპარაკებებში ასევე მიიღებს მონაწილეობას დავით არახამია. მე დავამტკიცე მოლაპარაკებების ჩარჩოები და განვსაზღვრე კონკრეტული ამოცანები.

უკრაინული დელეგაცია ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ამერიკულ მხარესთან. უკრაინა მზად არის რეალური ნაბიჯებისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მიღწევა რეალისტურია. მივიჩნევთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი დასრულებულია და ველით შემდგომ შინაარსობრივ მუშაობას დოკუმენტებზე, რომლებიც ეხება აღდგენასა და ეკონომიკურ განვითარებას.

ასევე მოველით, რომ ამერიკული მხარე კვლავინდებურად გადამწყვეტ როლს შეასრულებს დიალოგისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაში. დეესკალაციის ზომები, რომლებიც ძალაში გასულ ხუთშაბათს, გვიან ღამით შევიდა, ხელს უწყობს მოლაპარაკებების პროცესისა და მისი შესაძლო შედეგებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებას. ომი უნდა დასრულდეს. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება. დიდება უკრაინას!“ - დასძინა ზელენსკიმ.