1758568351
ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
როგორც უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, მან კელოგს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და დობროპოლიასა და პოკროვსკის მახლობლად კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, დრონებისა და ამერიკული იარაღის შესყიდვის შესახებ ურთიერთსასარგებლო შეთანხმებები, რომლებიც კიევმა ვაშინგტონს შესთავაზა.
„მადლობელი ვარ კეიტ კელოგის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მადლობელი ვარ დონალდ ტრამპის ომის დასრულებისა და მკვლელობების შეჩერების მცდელობებისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკი და ტრამპი 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან. შეხვედრაზე ევროპის მხრიდან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვაა დაგეგმილი.