ყველაზე ძვირად ღირებულ ყავას ცხოველის განავლიდან იღებენ

ყავა

 კოპი-ლივაკი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავაა, რომელსაც, არც მეტი და არც ნაკლები, ერთი პატარა ძუძუმწოვრის განავლიდან იღებენ. ეს ცხოველი მუსანგია (Paradoxurus hermaphroditus), რომელიც ყავის კენკრას ჭამს და შემდეგ მოუნელებელ მარცვლებს ორგანიზმიდან ფეკალიების სახით გამოყოფს.

იმის გასარკვევად, თუ რა ხდის ამ ყავას განსაკუთრებულს, ინდოეთის კერალას ცენტრალურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. მათი მიზანი იმ ქიმიის შესწავლა იყო, რომლის შედეგადაც კოპი-ლივაკი მიიღება.

ეს ყავა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს. მან მალევე გაითქვა სახელი და იმდენად ძვირად შეფასდა, რომ ერთი კილო მარცვლები 1000 ან მეტი აშშ დოლარი ღირს. რა თქმა უნდა, ამან მუსანგების პოპულარობაც გაზარდა — ცხოველების, რომლებიც მანამდე სამეურნეო მავნებლებად მიიჩნეოდნენ. მათთვის ასეთი ცნობადობა არასახარბიელო გამოდგა, რადგან დღესაც კი ისინი დამწყვდეულები ჰყავთ და ყავის კენრას აჭმევენ, რათა ფასეული პროდუქტი მოიპოვონ.

 ამ ყველაფრის მიუხედავად, ზუსტად არ ვიცოდით, რა ეფექტი აქვს მსგავს ფერმენტაციას მცენარის მარცვლებზე. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად სპეციალისტებმა ქიმიური მახასიათებლებით ერთმანეთს ინდოეთში მდებარე Robusta-ს ხუთი პლანტაციის მწიფე ყავის კენკრა და ველური მუსანგების ორგანიზმიდან გამოყოფილი მარცვლები შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ უკანასკნელ მათგანს უფრო დიდი ზომა და ცხიმის მეტი შემცველობა გამოარჩევდა. ეს შეესაბამება მოსაზრებას, რომ ბუნებრივ გარემოში მუსანგები შესაჭმელად საუკეთესო მარცვლებს არჩევენ; შედარებულ ნიმუშებში ცილებისა და კოფეინის დონე ერთნაირი იყო, თუმცა ფერმენტირებულ კოფი-ლივაკში კაპრილის მჟავა და დეკანოინის მჟავის მეთილის ესტერები სჭარბობდა — ისინი არომატს აძლიერებს და რძის მსგავს გემოს განაპირობებს.

მეცნიერების თქმით, ეს შედეგები შეესაბამება ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც მუსანგების ორგანიზმში მიმდინარე მომნელებელი პროცესი ყავის მარცვლების ქიმიურ შედგენილობას ცვლის. ბუნებრივი ფერმენტაცია და ფერმენტული ათვისება გემოს უფრო ინტენსიურს ხდის და მას განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კოპი-ლივაკი მეტწილად Arabica-ს მარცვლების გამოყენებით იწარმოება და კვლევისას მარცვლები მოხალული არ იყო. შესაძლოა, ახალი მიგნება ამ ყავის უფრო ეთიკური და ეფექტიანი მეთოდებით წარმოებაში დაგვეხმაროს.