1746303287
"ვფიქრობ, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვა ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტის დროსაც სიჩქარე არ ღირს" - ოლაფ შოლცი

პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, შიდა დაზვერვის სააგენტომ უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს პარტიის მონიტორინგი, თუმცა პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაწყდეს, რაც ამ თემაზე დებატები შედგება. პარტიის შესაძლო აკრძალვის საკითხი ნაჩქარევად არ უნდა გადაწყდეს - ამბობს კანცლერი.
პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გუშინ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.
"ვფიქრობ, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვა ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტის დროსაც სიჩქარე არ ღირს. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ, როგორც მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს, გვიწევს იმის გათვალისწინება, რომ ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ უარყო ბოლო დროის ყველა განაცხადი პარტიების აკრძალვაზე. მე წინააღმდეგი ვარ სწრაფი გადაწყვეტილებების.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შეფასება ნიშნავს, რომ შიდა დაზვერვის სააგენტომ უნდა გააგრძელოს და გააძლიეროს თავისი მონიტორინგი პარტიაზე. ჩვენ უნდა განვიხილოთ, რა შედეგები მოჰყვება არსებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.