Facebook-ზე მნიშვნელოვანი სიახლეა - რას შეცვლის ახალი ფუნქცია მომხმარებლებისთვის
1792007000
ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელონის განცხადებით, კაპიტულაცია მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია უცვლელია – კიევის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის მთავრობის მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება.
„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან, აგრესორს თუ შეუძლია მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? თუმცა დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა. პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევაზეც ვმუშაობთ – მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად – სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – აღნიშნა მელონიმ.