ვენესუელური სერიალების ვარსკვლავები მადუროს დაკავებას ეხმიანებიან

ვენესუელური სერიალების ვარსკვლავები

ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ცნობილ ვენესუელელ მსახიობებსაც გამოეხმაურნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ქართველ მაყურებელს პოპულარული სერიალებით ახსოვს.

სერიალ „პრისიონერას“ ვარსკვლავმა გაბრიელა სპანიკმა სოციალურ ქსელ X-ში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. მსახიობი წერს, რომ „ვენესუელას თავისუფლების სურვილი პოლიტიკური კუთვნილების საკითხი არ არის და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“.

მისი თქმით, დემოკრატია და ღირსეული ცხოვრება პრივილეგია კი არა, ყველასთვის თანაბარი უფლება უნდა იყოს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კორაიმა ტორესიც, სერიალ „კასანდრას“ ვარსკვლავი, გამოეხმაურა. მან Instagram-ზე რამდენიმე პოსტი გააზიარა:

„არავის სძინავს, ვენესუელა!“

მოგვიანებით მსახიობმა ვენესუელის დროშის ფერებში გაფორმებული გამოსახულება გამოაქვეყნა წარწერით — Venezuela Libre („თავისუფალი ვენესუელა“).

ცნობილი მსახიობების განცხადებები სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ცნობისთვის, 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს.

ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.

5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.