ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 12 იანვრიდან ამოქმედდება
1767902658
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 6 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მამის ცემის გამო გაბრაზებული ბრალდებულები, დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და მამა-შვილს სცემეს. შემდეგ კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დაზარალებულებს რამდენჯერმე განზრახ დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა მოხერხდა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ჩადენილი ჯგუფურად ონი ან მეტი პირის მიმართ), 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, ჩადენილი ძალადობით და ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 19,109-ე მუხლის „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.