ვენესუელაში ცა გაწითლდა - უჩვეულო სანახაობას აქტიურად განიხილავენ

ვენესუელა

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ უჩვეულო სანახაობა იხილა - მზის ჩასვლისას ცა ინტენსიურ წითელ ფერად შეიღება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა სხვადასხვა ვერსია გააჩინა, მათ შორის ვარაუდიც, რომ ეს ახლახან მომხდარ მიწისძვრებს უკავშირდებოდა. თუმცა, ატმოსფეროს მკვლევრები განმარტავენ, რომ ფენომენი, რომელსაც ადგილობრივად „Candilazo“-ს უწოდებენ, ბუნებრივი მოვლენაა. 

სპეციალისტების განმარტებით, ასეთი ეფექტი  მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მზის ჩასვლისას სხივები ატმოსფეროში არსებულ მტვრის, აეროზოლებისა და ტენიანობის ნაწილაკებს ეჯახება. ამ დროს ლურჯი ტალღები უფრო მეტად იფანტება, რის გამოც ცა უჩვეულოდ მუქ წითელ შეფერილობას იღებს. 

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ მოვლენასა და მიწისძვრებს შორის სამეცნიერო კავშირი არ არსებობს. წითელი ცა მხოლოდ განსაკუთრებული ატმოსფერული პირობების შედეგია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში საჰარის უდაბნოდან გადმოტანილი მტვერიც აძლიერებს.