„ყოველ წამს მის სუნთქვას ვამოწმებდი“ – 18 დღის ჩვილი მიწისძვრიდან 32 საათის შემდეგ გადაარჩინეს

ვენესუელა

ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით უსახლკაროდ დარჩა, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ისტორია 18 დღის ჩვილს, ხუან დავიდს უკავშირდება.

ძლიერი მიწისძვრის დროს პატარა ხუან დავიდი დედასთან, 29 წლის დაიანა პატინიოსთან ერთად საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე იმყოფებოდა. რამდენიმე წამში შენობა მთლიანად ჩამოინგრა და დედა-შვილი ბეტონის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ.

დაინას მარცხენა ფეხი ბეტონის ფილის ქვეშ ჰქონდა მოყოლილი და გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მიუხედავად ძლიერი ტკივილისა, ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა, საკუთარი შვილის გადარჩენა იყო.

„სანამ ის ცოცხალი იყო, მეც ვიცოდი, რომ უნდა მეცოცხლა. დროდადრო ცხვირზე ხელს ვადებდი, რომ გამეგო, ისევ სუნთქავდა თუ არა,“ – იხსენებს ქალი.

დედა მთელი 32 საათის განმავლობაში ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ის ხმას მხოლოდ მაშინ იღებდა, როდესაც მაშველების მოახლოებას გრძნობდა, რათა ძალები ბოლომდე შემოენახა.

გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ნანგრევებთან ქალის ძმა მივიდა და მისი ძახილი გაიგონა. მალევე სამაშველო ჯგუფებმა მუშაობა სწორედ იმ ადგილზე დაიწყეს, სადაც დედა-შვილი იმყოფებოდა.

რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ მაშველებმა ჯერ პატარა ხუან დავიდი ამოიყვანეს. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გადასცემენ ჩვილს ხელიდან ხელში, სანამ უსაფრთხო ადგილას არ გადაიყვანენ. იქვე იმყოფებოდა ბავშვის მამაც, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ცოლიც და შვილიც დაღუპულები იყვნენ.

„ვიფიქრე, ორივე დავკარგე. როცა ჩემი შვილი დავინახე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეც თავიდან დავიბადე,“ – ამბობს მამა.

ჩვილის გადარჩენიდან მალევე მაშველებმა მისი დედაც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

ექიმების თქმით, ხუან დავიდმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მაშინ როცა დედას ორივე ფეხზე სერიოზული ტრავმები აღენიშნებოდა. ამჟამად ორივე მათგანი საავადმყოფოში მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.