თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს
1746720697
ვატიკანში კონკლავი დაიწყო. კარდინალთა საბჭოს წევრები სიქსტეს კაპელაში უკვე შეიკრიბნენ. შენობის გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდა, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა გამოირიცხოს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კათოლიკური სამყარო ახალი პაპის მოლოდინშია.
133-მა კარდინალმა ხმა უნდა მისცეს რომის პაპის ახალ კანდიდატურას, რომელიც ფრანცისკეს მემკვიდრე გახდება.
კონკლავის დაწყებამდე კარდინალებმა მობილური ტელეფონები და სხვა, ელექტრონული საშუალებები ჩააბარეს.
როგორ ირჩევენ ახალ პაპს
ხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ.
ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.
თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა.
"ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.