1746733863
თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე - კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს

კათოლიკურ სამყაროს ახალი პაპი ჰყავს. რამდენიმე წუთში მისი ვინაობა გახდება ცნობილი.
კარდინალთა საბჭომ მსოფლიოს ეს ამბავი ვატიკანის თავზე თეთრი კვამლის ამოსვლით ამცნო.
ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 133-მა კარდინალმა მიიღო. კონკლავის დაწყებამდე მათ მობილური ტელეფონები და სხვა, ელექტრონული საშუალებები ჩააბარეს. სიქსტეს კაპელას გარშემო სპეციალური ჩამხშობი საშუალებები დამონტაჟდა, რათა ელექტრონული მიყურადების შესაძლებლობა გამორიცხულიყო.
როგორ ირჩევენ ახალ პაპს
ხმის მიცემის დღეს სიქსტეს კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ.
ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.
თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა.
"ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტეს კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.