უშაკოვი: ტრამპი შოკირებული და აღშფოთებული იყო პუტინის რეზიდენციაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმის მცდელობით

იური უშაკოვი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ „კიევის ტერორისტული ქმედებები სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი არ დარჩება“.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შოკირებული და აღშფოთებული იყო.

„პუტინმა ტრამპს ძალიან მკაფიოდ განუცხადა, რომ კიევის მხრიდან განხორციელებული სახელმწიფო ტერორიზმის გამო რუსეთის ფედერაციის პოზიცია გადაიხედება“, - განაცხადა უშაკოვმა.

რუსეთმა განსაზღვრა საპასუხო დარტყმების ობიექტები და მათი განხორციელების დრო, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პუტინის რეზიდენციაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით ბოლოდროინდელ თავდასხმაზე საუბრისას.

ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის პოზიცია გადაიხედება კიევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის ფონზე.

ლავროვმა აღნიშნა, რომ 29 დეკემბრის ღამეს ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ყველა უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ამ რეზიდენციას უტევდა.