უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას მოუწოდებს, რუსეთის ნაკრებების დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვოს

 უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მიმართავს ფიფას და მის პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს არ შეცვალონ საფეხბურთო ორგანოების პოზიცია რუსეთის ტურნირებიდან მოკვეთასთან დაკავშირებით, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება.

ასოციაციის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები შეუფერხებლად მიმდინარეობს და ვითარება არ გაუმჯობესებულა. თავდასხმები კვლავ ანგრევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. მუდმივი დაბომბვების გამო, მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინული მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს აგრესორი ქვეყნისთვის დაწესებული შეზღუდვები არ მუშაობს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეჯიბრებებიდან ჩამოშორება აგრესორზე ზეწოლის ეფექტური მეთოდია. რუსეთის ნებისმიერი ნაკრების პოტენციური რეინტეგრაცია საფრთხეს უქმნის ტურნირების უსაფრთხოებასა და მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაცია ასევე იხსენებს ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „რუსეთის საფეხბურთო კავშირი ფიფა-ს წინააღმდეგ“, სადაც ხაზგასმულია მსგავსი სანქციების სამართლებრივი საფუძვლები და უსაფრთხოების რისკები.

მანამდე ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ რუსეთის მიმართ გატარებულ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კითხვაზე, უნდა გააუქმოს თუ არა ფიფამ რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები, ინფანტინოს პასუხი ცალსახა იყო.

„ოჰ, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. დიახ... ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდულ დონეზე მაინც. ამ აკრძალვას არაფრისთვის მიუღწევია“, - განაცხადა მან.

ინფანტინოს თქმით, „ამან მხოლოდ მეტი ფრუსტრაცია და სიძულვილი წარმოშვა“.