უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი გადასცა – რუსტემ უმეროვი

რუსტემ უმეროვი

უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი აცხადებს.

როგორც უმეროვი სოციალურ ქსელში წერს, დოკუმენტი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადიმერ მედინსკის გადასცა.

მისივე თქმით, თურქეთში 16 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მსოფლიო ელოდა, რომ რუსული მხარე ჩამოაყალიბებდა და უკრაინასა და პარტნიორებს გადასცემდა „მემორანდუმს“ ცეცხლის შეწყვეტის ნაბიჯების შესახებ.

„სამწუხაროდ, რუსული მხარე ცდილობდა ამ პროცესის გაჭიანურებას, მაგრამ ზეწოლამ იმუშავა. პრეზიდენტ ტრამპის, ევროპელი ლიდერების, პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე განცხადებების შემდეგ, რომლებმაც აჩვენეს, რომ მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინისთვის მშვიდობის მიღწევის გარშემო, რუსებმა საბოლოოდ შეატყობინეს, რომ დაასრულეს თავიანთი „მემორანდუმი“, თუმცა, ისინი კვლავ აფერხებენ დოკუმენტის გადაცემას“, – აღნიშნა უმეროვმა.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და შემდგომი დიპლომატიური მუშაობისთვის.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის და დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებისთვის. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსებთან შემდგომ შეხვედრებს და ველოდებით მათ „მემორანდუმს“, რათა შეხვედრა არ იყოს ცარიელი და მართლაც დაგვაახლოოს ომის დასრულებასთან. რუსულ მხარეს კიდევ ,სულ ცოტა, ოთხი დღე აქვს წასვლამდე, რომ მოგვაწოდოს მათი დოკუმენტი განხილვისთვის. უკრაინა ყოველთვის იყო და ყოველთვის დარჩება კონსტრუქციული. მხარეებს შორის შეხვედრებმა უნდა მოიტანოს შედეგები. სწორედ ამიტომ თითოეული შეხვედრა უნდა იყოს სათანადოდ მომზადებული. რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ გადასცემდა „მემორანდუმს“ გაცვლის შემდეგ დაუყოვნებლივ. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შეასრულონ ეს დაპირება და შეწყვიტონ მცდელობა, შეხვედრა დესტრუქციულად აქციონ. დიპლომატია უნდა იყოს შინაარსიანი და შემდეგმა შეხვედრამ უნდა მოიტანოს შედეგები“, – წერს უმეროვი.